საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში იმყოფება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და დელეგაციის სხვა წევრები ქართველ მაშველებს შეხვდნენ, რომლებიც თურქეთში, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.
დელეგაცია მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკის კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის კოორდინაციის ადგილობრივ ცენტრს ეწვია, სადაც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ადგილზე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი, გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილებების მინისტრი მურათ ქურუმი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაღათაი ქილიჩი.
მთავრობის მეთაურმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს.
"მინდა, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თურქეთის მთავრობას. ნამდვილად ძალიან მძიმეა, რასაც ეკრანიდან უყურებ, თუმცა, შენი თვალით რომ ხედავ, ბევრად მძიმე სანახავია. ჩვენი მაშველები არიან გამოცდილები და მომზადებულები მაღალ დონეზე. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, მე ამაყი ვარ ნამდვილად, როდესაც გვეუბნებიან: მადლობა, რომ თქვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად იმუშავეს. ყველა კითხულობდა, ქართველები სად არიან, გვიშველეთო და ეს ჩემთვის ნამდვილად საამაყოა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ", - იცით, რომ იმ დღიდანვე, იმ დილითვე, ბატონი პრემიერის დავალებით მოხდა მობილიზება ჩვენი მაშველების, აღჭურვილობის და დილიდანვე დაიძრნენ ეპიცენტრის მიმართულებით", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.